საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით.
ამის შესახებ ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს".
თავის მხრივ, შსს ავრცელებს განცხადებას და მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
"თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი. თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",- ნათქვამია განცხადებაში.