პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტების დამსახურებებზე ისაუბრა.
უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო:
ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს; უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ; მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას;
გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა.
ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.