წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე - რა კავშირშია ლობიანის და მეკვლეს ტრადიცია, ამ დღესასწაულთან

16:08 12-17-2018
481

მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს 17 დეკემბერს, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს მოიხსენიებს. 

წმინდა ბარბარე, სარწმუნოებისთვის IV საუკუნეში აღესრულა. მას თავი, საკუთარმა მამამ, წარმართმა თავადმა, დიოსკორემ მოკვეთა. წმინდანის წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის ტაძარში განისვენებს და მისგან სასწაულები დღესაც აღესრულება. წმიდა ქალწულმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება, ამას გარდა მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვისაც ევედრებიან. 

ქალწულმოწამე ბარბარე, საქართველოში, განსაკუთრებულად უყვართ. ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ოჯახებში მეკვლეს იღებენ და ლობიანებს აცხობენ. მაინც საიდან მოდის ეს ტრადიცია და აქვს თუ არა მას ქრისტიანობასთან კავშირი?

დეკანოზი, ლევან ფიროსმანაშვილი მოგვითხრობს, თუ რა კავშირიშია, ეს ტრადიცია დღესასწაულთან და რატომ აცხობენ, წმ. ბარბარეს დღეს, ლობიანს:

ქრისტიანებისათვის, დღესასწაულებთან დაკავშირებით, რიტუალურად, რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა, უცხოა. იშვიათი გამონაკლისი, ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. საზრდოს შეწირვა, წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი.

ქართულ წარმართულ პანთეონში, აქტიური ადგილი ეკავა, მზის ღვთაებას და მის დედას, აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად, დღესასწაულზე, აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში, მოხდა, ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა, ხალხში, გავრცელება ჰპოვა.

ეს, მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები, გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება, სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო, წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე, აცხობდნენ, ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. 

კალენდარულად, ერთი ფაქტორიც მოქმედებდა. ბარბალეს დღესასწული, წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ, მზის ღვთაების შობამდე. მზის–ლილეს შობას, ზეიმობდნენ, იულიუსის კალენდრით 25 ივნისსა და 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება, აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა.

მოგვიანებით, ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ, ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში, ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა, წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია.

მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება, ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმიდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია.” 

შეგახსენებთ, წმიდა დიდმოწამე ბარბარე, მართლმადიდებლებისთვის, მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს, ეწამა. ამჟამად, მისი წმიდა ნაწილები, კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან, მრავალი სასწაული აღესრულება. 

სასურველია, მთელი ოჯახი დილიდან ემზადებოდეს ლოცვისთვის, ეზიარონ და ამით გამოხატონ ღრმა თაყვანისცემა წმინდა ბარბარესადმი. წმინდა ბარბარეს ცხოვრებაში ვკითხულობთ:

- ბარბარე თავის განუზომელ მეოხებას ავლენს მათზე, ვინც მისი სახელით შეევედრება უფალს, რომ განკითხვის დღეს ცხონდეს განკითხვის გარეშე.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე, ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

ავტორი: რუსა ღვანიძე