ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

10:00 12-18-2018
480

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი. მათგან ოტხი ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდუბეში, 2004 წლის 23 ნოემბერს პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის ბუტა რობაქიძეც იჯდა. პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ, პატრულის მაშინდელმა თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა კი ორი ტყვია გაისროლა და ბუტა რობაქიძე ადგილზე მოკლა.

მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“, რომელსაც შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა.

ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები, მათ შორის რობაქიძის გვამთან. მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახალი ძიება დაიწყო. პროკურატურამ ხელახალი გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა ახლადშექმნილი „პატრულის იმიჯის“ გადასარჩენად, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანეს და მტკიცებულებები გააყალბეს. უწყების ინფორმაციით, ამ დანაშაულში მონაწილეობდა გურამ დონაძეც, რომელსაც ხელს რამდენიმე ადამიანი ადებს. მათ შორის, ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე, რომელიც 2004 წელს მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.

ავტორი: