გურამ დონაძე: "რისთვის? რა დანაშაულისთვის უნდა დამაკავონ?"

11:33 12-18-2018
1060

"მოლოდინი მაქვს, რომ სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილების შედეგად ვიქნები უდანაშაულოდ ცნობილი" - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა . 

მისი თქმით, საქმეში უამრავი მტკიცებულებაა იმისა, რომ უდანაშაულოა და საკუთარ ჩვენებას და პოზიციას არასდროს შეცვლის.

"მოლოდინი მაქვს, რომ სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილების შედეგად ვიქნები უდანაშაულოდ ცნობილი. ვინაიდან, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და დასრულდა  განსხვავებული აზრის გამო ციხეში უდანაშაულოდ ჩაკეტილი ადამიანების ბედი.

რიტორიკულად გკითხავთ - რისთვის? რა დანაშაულისთვის უნდა დამაკავონ? 28 პატრულმა რომ თქვა, რომ გურამ დონაძისგან არანაირი მითითება არ მიმიღიაო? დონაძის არანაირი მითითება არ შეგვისრულებია და არანაირი ავტომატის ჩადება ჩვენთვის არ დაუვალებიაო? მე ხომ არ მოვიგონე, საქმეში დევს" - ამბობს დონაძე.

ბრალდებული ამბობს, რომ არსებობს კადრები, რომელშიც ჩანს როგორც ცოცხალი რობაქიძე, ასევე როგორ ითხოვენ სასწრაფო სამედიცინო მანქანის გამოძახებას მის გადასარჩენად.

"კადრში, რომელიც არის მონაკვეთი, სადაც აშკარად და ხილულად ჩანს, რომ რობაქიძე ცოცხალია, დაჭრილია. ჩანს იქ ის იარაღებიც, რომელსაც პროკურატურა გვედავება. მე კი არ მედავება, დაობს, რომ იქ ვიღაცამ მიიტანა. ჩანს იქ ამირან რობაქიძის ამოსუნთქვები, იარაღები და რაც მთავარია, ცრუ მოწმე მუკბანიანი, რომელსაც აუცილებლად მოვთხოვ კანონის ფარგლებში პასუხს, რა დროც არ უნდა გავიდეს. 

რობაქიძე ვინმემ გააცოცხლა დილის ექვს საათზე? სირცხვილია. ამდენი წელია ვაჭრობს დედამისი და არ დაასრულა. ბედნიერი მარტო იმით ვარ, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება იყოს, გულწრფელად ვამბობ,  დედამისის ამ სპეკულაციას და გვამებით ვაჭრობას მოეღება ბოლო" - დასძინა დონაძემ.

გურამ დონაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია "იმედმა" საზოგადოებას არაერთხელ აყურებინა და ასმენინა  არასწორი ინფორმაცია, რის გამოც ყველას მოეთხოვება თავის დროზე პასუხი.

"ყველას, ვინც მათ მხარეს ხართ და გინდათ გავმტყუნდე უდანაშაულო ადამიანი, ჟურნალისტი აღმოჩნდეს ციხეში, ყველას ღმერთმა მაგ სიმართლით მოგიმართოთ ხელი. რაც კვირას ტელეკომპანია "იმედმა" გააკეთა, არსად არ წერია და არსად არ იკითხება. ყველა იმ ადამიანს მინდა მივმართო, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, იმ სიმართლით გაუნათლოს ბადრი პატარკაციშვილს სული იმ ქვეყნად და ზუსტად მაგ სიმართლით გაიხაროს ამ გადაცემის, რეპორტაჟის გამკეთებელმა, პროდიუსერმა და წამყვანმა. ვლოცავ, ხომ არ ვწყევლი?! და იმ სიმართლით გაიხაროს, რა სიმართლეც კვირას "იმედმა" აყურებინა საზოგადოებას. ეს იყო ბოროტების კვირის კიდევ ერთი ცრუ რეპორტაჟი

მოვა დრო და ეს ადამიანები, ცრუ ჩვენებზე აგებენ პასუხს. ასევე აგებს პასუხს "იმედის" ეს ნაძირლობა. ჩემი პოზიცია და ჩვენება ყოველთვის იქნება ურყევი. 

საპატრულო პოლიციამ სინამდვილეში მანქანა გააჩერა 24 ნოემბერს, საქმის მასალებშიც წერია, რომ 24 ნოემბრის 02:15 წუთზე შეაკავეს და შეაჩერეს 02:17 წუთზე, დაიღუპა, 22 წუთზე" - განმარტა დონაძემ.

დღეს, 5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი. მათგან ოთხი ბრალს არ აღიარებს.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია, ვინც ამბობს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მონაწილეობა მანაც მიიღო.

ავტორი: