გირაოს სანაცვლოდ დავით კირკიტაძის გათავისუფლებაზე არ გვაქვს პოზიცია, - ასე უპასუხა გაერთიანებული ოპოზიციის დაკვებული ერთ-ერთი ლიდერის ადვოკატმა „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე გირაოს სანაცვლოდ კირკიტაძის გათავისუფლებაზე.
გიორგი კონდახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის დამნაშავე და ამ შემთხვევაში აღკვეთ ღონისძიებაზე არ უნდა იყოს საუბარი. „რაც შეეხება გირაოს სანაცვლოდ დავით კირკიტაძის გათავსუფლებას, ჩვენ არ გვაქვს პოზიცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ დანაშაული არ არის სახეზე, აღმკვეთ ღონისძიებაზე არ უნდა იყოს საუბარი, თუმცა როდესაც მოგვიანებით გახდება ცნობილი ბრალდების პოზიცია, უფრო დეტალურად ვისაუბრებთ“, - აღნიშნა გიორგი კონდახაშვილმა.
„გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერი დაკავებული დავით კირკიტაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, თუ დავით კირკიტაძეს გაათავისუფლებენ, ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან.
დავით კირკიტაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში სასამართლოს განჩინებით გუშინ დააკავეს.
კირკიტაძეს გამოძიება ედავება ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. კირკიტაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი