ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გურამ მოდებაძე დაინიშნა

12:21 12-18-2018
137

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გურამ მოდებაძე დაინიშნა. ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა:

„2018 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გურამ მოდებაძის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ. გურამ მოდებაძე ოფიციალურად საქმიანობას 2018 წლის 27-28 დეკემბერს გასამართ საქართველოს ჩემპიონატიდან შეუდგება.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური 2018 წლის მაისიდან იყო. ბოლოს ამ პოზიციაზე ვეტერანი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მუშაობდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები უარყოფითი შედეგის გამო, ძიდუოს ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გურამ მოდებაძე 1995 წლიდან ძიუდოისტთა კლუბ „შევადრენი-2005“-ში მწვრთნელად მუშაობს. 2003 და 2007 წლებში მას განსაკუთრებული დამსახურებისთვის ღირსების მედლები მიენიჭა და 2007 წელს საუკეთესო პირად მწვრთნელადაც დასახელდა. სამუშაო გამოცდილება მოდებაძეს სანაკრებო დონეზეც აქვს მიღებული, ის რამდენიმე წლის განმსავლობაში საქართველოს ჭაბუკთა, ახალგაზრდულ და დიდების ნაკრებში დამხმარე მწვრთნელად მუშაობდა.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე