ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა.
ამის მიზეზად სალომე სამადაშვილმა დაასახელა ის ფაქტი, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ აძლევს ოპოზიციას აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას.
ჩვენ გვინდოდა ბატონი გახარიას დაბარება პარლამენტში, თუმცა ამაზე საუბრის საშუალებას არ გვაძლევს ეკა ბესელია, რადგან მას უნდა გააპრავოს ხელისუფლება. მწვავე საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა არ გვეძლევა. ამიტომ, ვტოვებ კომიტეტს და მივმართავ ბიუროს. იმედია, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში მექნება საუბრის შესაძლებლობა, - განუცხადა სამადაშვილმა ჟურნალისტებს.
მანამდე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დავით კირკიტაძის დაკავების საკითხზე საუბრობდნენ. მათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოუწოდა, რომ საკითხი დაეყენებინათ რეგლამენტის ჭრილში, რადგან იმ ტიპის განცხადებები არ ჯდება კომიტეტის მუშაობის პროცედურაში. ამის შემდეგ ეკა ბესელიამ სამადაშვილს და კახიძეს მიმართა, რომ ან დაწყნარებულიყვნენ ან სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.