2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბუტა რობაქიძის საქმეზე და ბრალდებულების - ზაზა ბაქრაძის, ზურაბ მიქაძის, გურგენ დონაძის, ირაკლი ფირცხალავას და დავით იაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
ბრალდებულებს, ბრალად ედებოდათ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ზაზა ბაქრაძესა და ზურაბ მიქაძეს ასევე ბრალად ედებოდათ, ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლულვლულიანი სანადირო თოფისა) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა.
სასამართლომ საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურებულად მიიჩნია, 2004 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, კერძოდ, მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნისა და პროცესუალური დოკუმენტების განმტკიცების მიზნით, რეალური ფაქტების დამახინჯება და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჩადება.
ბრალის აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, სასამართლომ დაამტკიცა ბრალდებულ ზაზა ბაქრაძესა და ბრალდების მხარეს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ზურაბ მიქაძე, გურგენ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.