ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმღერებს თუ იცეკვებს პუტინთან მოსკოვში, ეს ქვეყნის ზურგში დარტყმის ტოლფასია - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც გამოეხმაურა სანქტ-პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის მიერ სიმღერის შესრულებას იმ ღონისძიებაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა.
„არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, რადგან ის მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან კიდევ უფრო მიუღებელია ასეთი საქციელი. ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. ბურჭულაძე იყო პოლიტიკოსი. ის არის რაღაც მხრივ ერთ-ერთი სახე საქართველოსი, მათ შორის ამ კულტურის სფეროში. ამიტომ, მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ მას ანალოგიური შეფასება ექნებოდა, ბურჭულაძე მისი პარტიის წევრი რომ იყოს.