წყნარი ოკეანის პატარა კუნძულზე მცხოვრები ჩვილი, მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელსაც კომერციული დრონით ჩატანილი ვაქცინა გაუკეთეს.
UNICEF-ის გადაწყვეტილებით, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე, ვაქცინის ჩასატანად ახალი მეთოდი გამოიყენეს. პრეპარატი კომერციულ დრონში ჩატვირთეს და 40 კილომეტრის მანძილზე, მთიან რეგიონში გადააფრინეს.
რთულად მისაწვდომი ადგილების გამო, ვანუატუზე მცხოვრები ბავშვების 20% ვაქცინაციას ვერ იღებს.
გაეროს ბავშვთა ფონდში განმარტავენ, რომ ამ მისიაში კომერციული დრონის გამოყენება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. UNICEF-ში აცხადებენ, რომ შორეულ, მიუწვდომელ ტერიტორიებზე მყოფი ბავშვების იმუნიზაცია დიდი გამოწვევაა, რომლის დაძლევა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება შესაძლებელი.
დრონები მედიკამენტების გადასატანად ადრეც გამოუყენებიათ, თუმცა გაეროს ბავშვთა ფონდის განმარტებით, ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყანამ ვაქცინის გადასატანად კომერციული დრონი დაიქირავა.
ავტორი: მარიამ გიგანი