ევროკომისია: საქართველო რეადმისიის პირობებს კარგად ასრულებს

21:37 12-19-2018
60

საქართველო რეადმისიის პირობებს კარგად ასრულებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ შედგენილ ანგარიშში, სადაც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებაა შეფასებული.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს თანამშრომლობა რეადმისიის საკითხში ეფექტურია და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აკმაყოფილებს რეადმისიის მოთხოვნების უმრავლესობას. მოყვანილია მონაცემებიც: „2016 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც ევროკავშირის დატოვება მოსთხოვეს, 29%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2016 წელს ევროკავშირის დატოვება საქართველოს 5650-ს, ხოლო 2017 წელს 7275 მოქალაქეს მოსთხოვეს. ამასთან, სამშობლოში დაბრუნებულთა პროცენტული მაჩვენებელი, 2016 წლის 55,90%-იდან, 2017 წელს 62,47%-მდეა გაზრდილი“,

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დახმარებით საქართველომ რეადმისიის მენეჯმენტის ელექტრონული სისტემა დანერგა, რომელსაც ევროკავშირის 17 წევრი სახელმწიფო იყენებს. ანგარიშის თანახმად, ყველა ამ სახელმწიფომ კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველო დროულად განიხილავს აღნიშნული სისტემით მიღებულ ყველა განაცხადს. ხაზგასმულია საქართველოს მიერ ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის შემოღებაც, რომელსაც ქვეყანა რეადმისიისთვის, ბეჭდურ დოკუმენტთან ერთად იყენებს.

საერთო ჯამში, ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამიზნე ნიშნულების შესრულების პროცესს დადებითად აფასებს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა არარეგულარული მიგრაციის საკითხის გასამკლავებლად. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, ამ მხრივ ქვეყანამ უნდა განაგრძოს მუშაობა, მათ შორის ყურადღება გაამახვილოს თავშესაფრის მომთხოვნთა უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის ზრდაზე.

ანგარიშში მოცემულია რჩევებიც, თუ რა მიმართულებებს უნდა მიაქციოს საქართველომ მეტი ყურადღება:
- გაძლიერდეს შესაბამის ქვეყნებთან სამუშაო თანამშრომლობა იმ მიზნით, რომ შემცირდეს თავშესაფრის მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეების მიერ არასაკმარისად არგუმენტირებული განაცხადების შეტანა.

- გაძლიერდეს სასაზღვრო კონტროლი, ფუნდამენტალური უფლებების სრული დაცვით.

- უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, გაგრძელდეს უფასო საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება.

- გაგრძელდეს ტრანსსასაზღვრო სამართალდამცველი ძალების თანამშრომლობა ქართული ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად;

- გაძლიერდეს ანტი-კორუფციული ჩარჩო.

 

 

 

ავტორი: მარიამ გიგანი