ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სირიიდან ჯარს გაიყვანს. საკუთარი გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ვიდეო-მიმართვის სახით გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ამ პოზიციას მისი მთავარსარდლობა და მრჩეველები არ იზიარებენ, პრეზიდენტმა ბრძანება უკვე გასცა.
„თითქმის 2 წელია პრეზიდენტი ვარ, ბრძოლა სხვა დონეზე ავიყვანეთ და „ისლამურ სახელმწიფოზე“ გავიმარჯვეთ კიდეც. ჩვენ ისინი სასტიკად დავამარცხეთ და ახლა დროა ჩვენი ჯარები სამშობლოში დაბრუნდნენ. ჯარისკაცები უკვე ემზადებიან შინ დასაბრუნებლად. ისინი ნამდვილი ამერიკელი გმირები არიან“ - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება სირიაში რუსეთსა და ირანს მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს, ასევე გაზრდის იმის რისკს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ გაძლიერდეს.
ავტორი: მარიამ გიგანი