ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხეშია

14:11 12-20-2018
121

დონალდ ტრამპის მოულოდნელ გადაწყვეტილებას, რომელიც სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, კრიტიკა მოჰყვა.

სირიაში არსებული ალიანსი, რომელსაც ქურთები ხელმძღვანელობენ, აცხადებს, რომ აშშ-ს ჯარების გაყვანა სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ხელახლა აღზევებას შეუწყობს ხელს.

„სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიქმნება სამხედრო ვაკუუმი, რის გამოც ალიანსი ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს შორის აღმოჩნდება.

ამ რისკზე საუბრობენ ამერიკელი მაღალჩინოსნებიც და შტატების მოკავშირე ქვეყნებიც.

თავად დონალდ ტრამპი კი მიიჩნევს, რომ აშშ-მ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა. თუმცა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ „სირიის დემოკრატიული ძალები“.

„თითქმის 2 წელია პრეზიდენტი ვარ, ბრძოლა სხვა დონეზე ავიყვანეთ და „ისლამურ სახელმწიფოზე“ გავიმარჯვეთ კიდეც. ჩვენ ისინი სასტიკად დავამარცხეთ და ახლა დროა ჩვენი ჯარები სამშობლოში დაბრუნდნენ. ჯარისკაცები უკვე ემზადებიან შინ დასაბრუნებლად. ისინი ნამდვილი ამერიკელი გმირები არიან“ - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

პენტაგონმა დონალდ ტრამპისგან უკვე მიირო ბრძანება სირიიდან ამერიკელი ჯარების ეტაპობრივად გამოსაყვანად.

 

ავტორი: მარიამ გიგანი