ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო დროს, ბირთვული ომის საფრთხის არასათანადოდ შეფასების ტენდენცია შეინიშნება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რეალურად, აღნიშნული პრობლემა მზარდია.
„რა მოხდება თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულებას დატოვებს. თუკი რაკეტები ევროპაში გამოჩნდება, მაშინ ჩვენ უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება მოგვიწევს. ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეზე უპირატესობა მოვიპოვოთ, ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ბალანსი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. დასავლეთში საკმარისად სერიოზულად არ აფასებენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა გლობალური ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს“- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატები რუსეთს საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, ცივი ომის დროს გაფორმებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ხელშეკრულების მოთხოვნებს არ დაიცავს, ამერიკა 60 დღის ვადაში შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეწყვეტს.
ავტორი: მარიამ გიგანი