სერგი კაპანაძე ხვალ საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიასთვის კითხვების დასასმელად ემზადება. ამის შესახებ მან მედიას მას შემდეგ განუცხადა, რაც ზაზა სარალიძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და მასთან დეტალები განიხილა.
"შს მინისტრს არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მას დაუსვა კონკრეტულად იმაზე, თუ რატომ არ არის დაწყებული გამოძიება პროკურატურის თუ შს სამინისტროს იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაყალბებაში მონაწილეობდნენ, რატომ არ არის დამატებით გამოძიება დაწყებული მირზა სუბელიანის დანაშაულის ქმედებების იმ საქმეზე ?! რატომ არ არის ბრალი წაყენებული ?! ამ თემებზე, ჩვენ ველით შს სამინისტროს პასუხს.
მე მქონდა ზაზასთან შეხვედრა და ის იზიარებს ბუნებრივია ამ პოზიციებს და მასაც აინტერესებს. დღეს როგორც ჩანს შს სამინისტრო და ხელისუფლების დამოკიდებულება არის ის, რომ გადაავადოს კითხვებზე პასუხის გაცემა. იმედი აქვთ, რომ საზოგადოებრივი ყურადღება მოდუნდება ამ თემის მიმართ და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ" - განაცხადა კაპანაძემ.
ოპოზიციონერი, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ ხვალ შს მინისტრს ყველა ამ მწვავე კითხვას დასუვამს.
"ყველა ამ მწვავე კითხვას დავუსვამ. მას არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს და სადღაც ერთგან თვალის ჩაკვრით, მეორეგან გაღიმებით და გაძრომ-გამოძრომით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი ‘’ - დასძინა კაპანაძემ.
ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში ჩასვლას და მინისტრის კითხვებზე პასუხების მოსმენას გეგმავს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც.