დამატენიანებელი კრემის მოხმარების გამო, შესაძლოა ცეცხლი წაგეკიდოთ

13:01 12-21-2018
97

კანის დამატენიანებელი კრემების მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ასეთ პროდუქტებში შემავალი ნივთიერება ტანსაცმელში შეიწოვება და ცეცხლს მარტივად იკიდებს.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო კანის მოვლის პროდუქტების მწარმოებლებს მოუწოდებს, რომ  შეფუთვაზე აუცილებლად დაურთონ გაფრთხილება.

ძველი კვლევების თანახმად ცეცხლის წაკიდების მაღალი რისკის მატარებელი იყო კანის მოვლის ის საშუალებები, რომლებიც პარაფინს შეიცავდა. თუმცა ახალი კვლევების შედეგად გამოვლინდა მტკიცებულება, რომ ის კრემებიც საშიშია, რომლებიც პარაფინს არ შეიცავს.

მკვლევარები განმარტავენ, რომ ტანსაცმლის გარეცხვა ცეცხლის წაკიდების რისკს ამცირებს, თუმცა მსგავსი პროდუქტების მომხმარებლებს დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ბრიტანული სააგენტოს მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნული მიზეზით, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ტანსაცმელი, რომელიც ხშირ კონტაქტშია ასეთ დამატენიანებლებთან, ბევრად უფრო მარტივად იწვის. რაც იმას ნიშნავს, რომ კანის მოვლის საშუალებების მომხმარებლებმა უმჯობესია სიგარეტი არ მოწიონ და ცეცხლისგან თავი შორს დაიჭირონ.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს: „ჩვენ არ გვსურს დავაშინოთ ასეთი პროდუქტების მომხმარებლები. კერძოდ საუბარია კრემებზე, რომლებსაც კანის სხვადასხვა პრობლემების, სიმშრალის ან გამონაყრის გამო მოიხმარენ. თუმცა ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს შესაძლო რისკების შესახებ“- ამბობს ჯუნ რეინი.

 

ავტორი: მარიამ გიგანი