გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე: მზად ვარ პირველი მივიდე და მივცე ჩვენება, თქვენ თქვენი მხრიდან აიღეთ პასუხისმგებლობები

17:51 12-21-2018
83

"ძალიან მძიმე თემაა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. არავის ეგონოს, რომ ვინმე ამ თემაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს" - გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრის თქმით, უნდა აღიძრას სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე და მზად არის პირველი მივიდეს ჩვენების მისაცემად. ისევე როგორც, მისი თქმით, კომისიის წევრების მხრიდან უნდა მოხდეს პასუხისმგებლობების აღება, საკითხებზე, რომელიც კომისიას უნდა შეესრულებინა. 

„რაც შეეხება ხორავას თემას, ეს უმძიმესი თემაა, არამხოლოდ პირადად ჩემთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საერთოდ ქვეყნისთვის და აქ საუბარი ცოტა უფრო ვრცლად მოგვიწევს. ბევრი კითხვა იყო ძალზედ დასმული - არ არის მარტივი ამ თემაზე საუბარი. არავის ეგონოს, რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ოღონდ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობის ზღვარი თუ დავადგინეთ და დავიწყეთ პასუხისმგებლობის პერსონალიზირება, შეიძლება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. როდესაც სახელმწიფომ, აქ ამ პარლამენტში, მიიღო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე ვფიქრობდი, ამ კომისიას რამდენად ხარისხობრივად შეეძლო განევითარებინა თუნდაც ჩვენი საპარლამენტო დემოკრატია.

კომისიას ჰქონდა მანდატი, ემუშავა თემაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ობიექტურად რომ ვთქვა, ეს კომისიამ ვერ დაადგინა. გარდა ამისა, კომისიამ აბსოლუტურად გაუმართლებლად დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომელიც დაადგინა კომისიამ და იქნება ახლად გამოვლენილი ფაქტი, რომელიც ან იყო ერთი, ან მეორე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი. 

გახარიას ამ სიტყვებს დარბაზში ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მხრიდან, პროტესტის ნიშნად ტაშის დაკვრა და ოვაციები მოჰყვა. 

შეიძლება ბევრი ვიდაოთ, თუმცა კომისიის რეკომენდაციები რომ ვნახოთ, რა ახალგამოვლენილი ფაქტორები აღმოაჩინეთ თქვენ. საკითხი მარტივია - ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ ვერ შეძელით, რაც იყო თქვენი მიზანი და არა სისხლის სამართლის დევნის დაწყების განსაზღვრა. 

ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არ ჩატარებული და იქონია საბოლოო შედეგზე რაიმე გავლენა თუ ვერა. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს იყო თქვენი მანდატი. 

მე, როგორც შს მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, რომ დღესაც არ ვიცით, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა იყო განზრახ არ ჩატარებული - ერთი, თუ იქონია საბოლოო შედეგზე გავლენა თუ - არა. აქედან გამომდინარე მეც მზად ვარ, როგორც კი და ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე და მზად ვარ პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. ისევე როგორც, თქვენ თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხისმგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას და უნდა შეესრულებინა. 

ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა მოხელეების მხრიდან და სამოხელეო გადაცდომა იყო თუ არა და კომისიამ ეს ფაქტობრივად ვერ დაადასტურა, სამწუხაროდ. თქვენ სამწუხაროდ სრული დისკრედიტირება მოახდინეთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის. იმიტომ, რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს და იმის მაგივრად, რომ მიგეღწიათ შედეგისთვის, დაიწყეთ პოლიტიკური სპეკულირება. მე როდესაც ვამბობ, რომ მზად ვარ სამოხელეო დანაშაულის ნაწილში, როგორც კი შესაბამისი უწყებები დაიწყებენ ამაზე გამოძიებას, პირველი მივიდე და ჩვენება მივცე, მე მაინტერესებს თქვენი პასუხისმგებლობის ზონა სად არის.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: