ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა. სამწუხარო ის არის, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული თქვენ ხართ - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი აბესაძის შეკითხვას.
„ირაკლი აბესაძეს ჰქონდა გამჭრიახი შეკითხვა, ბატონმა ბიძინამ პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა ბატონი ზაზა სარალიძის ქმედებასო და თქვენ ეთანხმებით ამას თუ არაო. ძალიან ჩამჭრელი შეკითხვა გაქვთ, რეალურად ერთი რამ მინდა გითხრათ. რეალურად, სამწუხაროდ, ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა. სამწუხარო ის არის, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული თქვენ ხართ.
თემა იმაში კი არ არის, რომ ადამიანი , როდესაც პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე, იძულებულია მიმართოს უკიდურეს ფორმებს, თქვენ, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე, იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, მას უბრალოდ გვერდით დაუდგეთ, ამისგან აკეთებთ სპექტაკლს. გუშინ და დღეს, უბრალოდ მაქსიმალურად პოლიტიკურად ანგაჟირებულად აკეთებთ ამას, თქვენ იყენებთ ამას და არავინ სხვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ და არც ერთ შემთხვევაში თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებულები რომ ეს საქმე დასრულდეს. უბრალოდ ვერ იქნებით და თქვენ თუ ეს არ გესმით, საერთოდ აზრი არ აქვს ამაზე საუბარს" - განაცხადა გახარიამ.
გახარიამ ოპონენტებს მსჯელობა დაუწუნა და კომისიის ფარგლებში მათ მუშოაბას სუსტი და წარუმატებელი უწოდა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ახლა მომისმინეთ ძალიან ყურადღებით, როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდო-ინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ და შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე თქვენ გეუბნებით და გთავაზობთ შინაარსიან საუბარს, სად წახვალთ ამ ფსევდო-ინტელექტუალური, უმიზნო და უაზრო დებატებით, მე გთავაზობთ ერთ რამეს, შინაარსობრივ კონტექსტში არანაირი პრობლემა არ გვაქვს და თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ გვეშინია. არც არასოდეს გვეშინოდა იმიტომ, რომ ლოგიკურად ძალიან სუსტად მსჯელობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ თემას აღარ დავუბრუნდები, ის რაც თქვენ გააკეთეთ კომისიის ფარგლებში იყო უდიდესი წარუმატებლობა ამ პარლამენტისთვის და ამ საქმისთვის,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.