"გაბუნიას რა სიტყვებსაც გვინდა, იმ სიტყვებს დავუძახებთ და მას თმენის ვალდებულება აქვს" - აქცია ათონელის რეზიდენციასთან (ვიდეო)

16:17 12-22-2018
2503

ათონელის რეზიდენციასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისა და მისი საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია "გადმოდი ქალების მხარეს" გაიმართა. 

ადგილზე შეკრებილი ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ დიმიტრი გაბუნია თავისი განცხადებებით, სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას ახდენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი თანამდებობის დაკავების უფლება არ ჰქონდა. 

"საპარლამენტო მდივნად დანიშნა ადამიანი, რომელიც სექსუალური შევიწროების თემაზე პრობლემური განცხადებებით გამოირჩეოდა. ამ ქვეყანაში, ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს და მით უმეტეს ქალი პრეზიდენტის მიერ არ უნდა იყოს წარდგენილი. მოვითხოვთ, დიმიტრის გადაყენებას, ამავდროულად, გვაქვს სურვილი, ვითანამშრომლოთ სალომესთან, გახდეს უფრო მგრძნობიარე და აქტიური როლი შეასრულოს ქალთა უფლებების დაცვაში.

დიმიტრი გაბუნიას მუქარების, რომ გვიჩივლებს, არ გვეშინია. ერთხელ თუ გვიჩივლა, მოგვიგო? და საერთოდ, დიმიტრი გაბუნიას ავიწყდება, რომ ის აღარ არის კერძო პირი და უბრალოდ იურისტი, ის არის მაღალი თანამდებობის პირი, სულ სხვა თმენის ვალდებულება აქვს და გაცილებით მეტად კრიტიკულებიც ვიქნებით და რა სიტყვებსაც გვინდა, იმ სიტყვებს დავუძახებთ და მას თმენის ვალდებულება აქვს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რამე ისეთი ვაკადრეთ, რაც არ ეკადრება" - განაცხადა ბაია პატარაიამ.

 



ავტორი: