დავით ზალკალიანი: საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებაზე სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს 

18:23 12-26-2018
133

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად,  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხზე აქტიურად მუშაობს. 

„ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან, დანიასთან​​ და ლიეტუვასთან. იმ დროის დასახელება გამიჭირდება, რა პერიოდშიც მათთან შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ. სხვა უწყებებთან ერთად, ყველანაირად ვეცდებით, რომ საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების კუთხით მომავალი წლისთვის ხელშესახები შედეგები დავდოთ.

ევროკავშირის ქვეყნების გარდა საქართველოს ლეგალურად დასაქმების კუთხით ისრაელთანაც ვმუშაობთ. ინფორმაცია მალე გვექნება და შეგატყობინებთ. მარტივი საქმე არ არის. ჩვენზე რაც დამოკიდებულია, ის ძირითადი სამუშაო შესრულებულია. ველოდებით, რომ ისრაელის მხარეც ამ მიმართულებით შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს. ისრაელთან ბოლოს საკონსულო მოლაპარაკებები ჩავატარეთ და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ლეგალური დასაქმებაც იყო.

არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგები ამ მიმართულებითაც გვექნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ავტორი: