"პარლამენტი თბილისში ბრუნდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისს საკმაოდ მძლავრი ფესვებით ტოვებს"- გია ვოლსკი

13:56 12-27-2018
84
თეგები: გია ვოლსკი

"ამ ქალაქს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებას, სადაც რატიანმა აღნიშნა, რომ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანა ბერია-სტალინის არქიტექტურაში და წარსულში დაბრუნებას ნიშნავს.

„ჩვენს საყვარელ ქალაქში ვიცხოვრეთ გარკვეული პერიოდი და ამ ქალაქს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით. ეს არის სატრანსპორტო ცენტრი, იქნება განათლების ცენტრი და ამ შენობას გამოუჩნდება ღირსეული პატრონი, რომელიც არ მიატოვებს. მთავარია, ადგილზე გაცილებით უფრო ინტენსიურად და სწრაფად იმუშაონ სტრუქტურებმა. ბერიასა და სტალინთან მოხსენიება და იმ შენობასთან დაკავშირება არის ერთ-ერთი ფანდი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, უკაცრავად, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. სერგოს ეტყობა, არ უნახავს და არქივებში ჩაიხედეთ, უახლეს პერიოდში, კომკავშირული სულისკვეთება, აი, მაგ განცხადებებშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის თქმით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი. სერგო რატიანმა პარლამენტის თბილისში სრულად დაბრუნებას ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება უწოდა.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიიდან საქართველოს პარლამენტი საქმიანობას სრულად თბილისში განაგრძობს. ქუთაისის პარლამენტის შენობაში კი, საპოლიციო ჰაბი შეიქმნება.