"ევროპული საქართველო" იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას ეხმაურება. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალური ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს, ვინაიდან თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ქვეყანა გამოუსწორებელ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„გვინდა გამოვეხმაუროთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, როდესაც მათ გუშინ უვადოდ დაამტკიცეს მოსამართლე ლევან მურუსიძე. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა, რომელიც ივანიშვილის დაქვემდებარებაში ამყოფებს მართლმსაჯულების სისტემას, არამედ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა წევრებმა - ხარებავამ, გზირიშვილმა, ქადაგიძემ. ეს არიან პირები, რომლებიც პარლამენტმა გაამწესა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მე მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ - პირველ რიგში, გაიაზრონ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს ალიანსი, რომელიც მათ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გააფორმეს და რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს კი ნუ გვთავაზობენ საზოგადოებას, არამედ სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა დაიწყონ“, - განაცხადა კახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ რეალურად უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა, რათა ბოლოს და ბოლოს ჩვენს საზოგადოებას ეღირსოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პაკეტი წინადადებების, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბება. უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები და ყოფილი მოსამართლეები დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებიდან და დავიწყოთ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, ვინაიდან თუ ეს ტენდენცია, რომელიც ახლა გვაქვს, გაგრძელდა, ჩვენ გამოუსწორებელ მდგომარეობას მივიღებთ. ჩვენ მივიღებთ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა ისეთ კორპუსს, რომელიც დღითიდღე გააუარესებს სასამართლოში მდგომარეობას. ეს არის ჯგუფი, რომელიც იყო როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მორჩილი, და მზად არის ნებისმიერი დაკვეთა და ნებისმიერი დავალება შეასრულოს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. ქართული საზოგადოების ვალია, ყველანაირად შევეცადოთ, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა კახიძემ.