"შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ ეს არის კლანებს შორის ბრძოლა" - უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შეხვედრის დაწყებამდე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შესაძლოა გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მართლაც არსებობს, თუმცა ეს ჯანსაღი მოვლენაა.
„ჩვენ დღეს რამდენიმე სხვადასხვა საკითხზე გვექნება საუბარი. შეხვედრას პარტიის ლიდერი დაესწრება, თუმცა რა შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა, ამაზე ბუნებრივია, სხდომის შემდეგ გაკეთდება განცხადებები. მანამდე რაიმე მინიშნებისგან თავს შევიკავებ. მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ ეს არის კლანებს შორის ბრძოლა. არანაირი კლანები არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“. გუნდში შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა და ამ აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, როგორც მიღებულია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, თუ ვინმე დაარღვევს დისციპლინას, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
ფრაქცია "ქართული ოცნება" სხდომას მართავს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვის საკითხი განიხილონ. თუმცა, ამ ინფორმაციას გუშინ სოციალური ქსელით თავად ეკა ბესელია გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას ბოდვა უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების გამო დატოვა.