შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა კომისია დატოვა

12:41 01-03-2019
585

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა კომისია დატოვა.

ქორიძემ განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა. მისივე ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიიღო ეკა გიგაურმა და კომისიის კიდევ რამდენიმე წევრმა. ამის შესახებ ქორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კომისიის დატოვების თაობაზე ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ეკა გიგაურმაც დაწერა.

“შეწყალების კომისიის განახლებას აპირებს პრეზიდენტიო, მაგრამ ერთი უზუსტობაა - მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება ( კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იგივეს თუ არ ვცდები ) და 5 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ, უფრო შევსებას აპირებს პრეზიდენტი კომისიის განახლებასთან ერთად.

წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე, მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა.

აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე“, - განმარტა გიგაურმა.