ომი და სტიქია სირიაში: 10 000 ბავშვი გადარჩენისთვის იბრძვის (ვიდეო)

13:31 01-04-2019
405

10 000 სირიელი ბავშვი ომსა და სტიქიას გაურბის. ამის შესახებ განცხადებას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. UNICEF-ის წერილში ნათქვამია, რომ საომარი მოქმედებების ფონზე, ყველაზე მეტად ბავშვები იჩაგრებიან.

„სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების გამწვავების გამო, ბავშვები ახლა სამჯერ უფრო მეტად იტანჯებიან. ზამთრის გაუსაძლისი ყინვაში მათი სიცოცხლე ძაფზე კიდია. უსაფრთხო ბანაკების რაოდენობა კი მცირეა. UNICEF მიმართავს დაპირისპირებულ მხარეებს, დაიცვან სირიელი ბავშვები და მისცენ ჰუმანიტარულ მისიას შესაძლებლობა, რომ მათ დახმარება გაუწიონ“.

საომარ მოქმედებებს დეკემბერში ძლიერი წყალდიდობაც დაემატა, რამაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების პირობები კიდევ უფრო დაამძიმა. 10 000 ბავშვი უსაფრთხო თავშესაფრის მოსაძებნად, ოჯახთან ერთად, გაიქცა.

სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქურთი მებრძოლები ომობენ, მათ ამერიკის შეერტებული შტატების სამხედრო ძალები ეხმარებიან. თუმცა დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია, სირიაში კი მხოლოდ „ქვიშა და სიკვდილია“ დარჩენილი.

დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამერიკული ჯარის სირიიდან გაყვანის შემდეგ, ტერორისტული დაჯგუფება კვლავ მოიკრებს ძალებს. კრიტიკის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედროები გარკვეული დროის პერიოდში, ეტაპობრივად დატოვებენ ტერიტორიას, თუმცა ზუსტ განრიგს ტრამპი არ ასახელებს.

 

ავტორი: მარიამ გიგანი