ძლიერი ქარი ბათუმში - მამაკაცი, რომელსაც სახურავი დაეცა, გარდაიცვალა

14:24 01-05-2019
5932

მამაკაცი, რომელსაც ძლიერი ქარის დროს ბათუმში სახურავი დაეცა, გარდაიცვალა. გარდაცვლილი იოსებ შერვაშიძეა, იგი ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრის მენეჯერი იყო.

შემთხვევის დროს 53 წლის მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ქარის დროს ქუჩაში გადმოყრილი საცხოვრებელი სახლების სახურავებისგან მაშველებთან ერთად ასუფთავებდა ქუჩას, რა დროსაც ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი თუნუქის ფირფიტა დაეცა.

მამაკაცი ქალა-ტვინის დახურული ტრამვითა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობით გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტი რეანიმაციულ ბლოკში დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მამაკაცის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს.

რაც შეეხება მეორე მამაკაცს, იგი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა, იქვე მდგომი ორი ავტომობილი კი დაზიანდა.

 

თეონა აბესაძე