სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს - ილია მეორე

00:22 01-07-2019
577

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, ასევე, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები.

ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

პატრიარქის მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია იქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

„სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა. ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული“, - ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.