როგორ დავიკლოთ ახალ წლებზე მომატებული კილოგრამები - 10 რჩევა ჩემპიონისგან

17:25 01-07-2019
1813

ახალი წლისა და შობის დღესასწაულები საქართველოში ტრადიციული, ნოყიერი კერძებით აღინიშნება. მრავალფეროვანი ქართული სუფრა კი ხშირად წონის მომატების მიზეზი ხდება.

თუ ამ ახალ წლებზე ბევრი გოზინაყი და ტკბილეული მიირთვით, დღეს კი საშობაო ღვეზელს მიირთმევთ და ფიქრობთ, რომ დროა მალე დიეტა დაიწყოთ, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ რჩევები 2018 წლის ფიტნეს ბიკინის ტიტულის მფლობელისა და პერსონალური მწრთვნელისგან.

ლიკა შედანია, საქართველოს ჩემპიონი ფიტნეს ბიკინში:

„ქალბატონებს და ასევე მამაკაცებსაც, პირველ რიგში, ვურჩევ კვების რაციონიდან სწრაფი ნახჭირწყლების ამოღებას და მათი რთული ნახშირწყლებით ჩანაცვლებას. აუცილებელია  თქვენი კუჭ-ნაწლავისთვის შესაფერისი ბოსტნეულის მირთმევა და ცილოვანი პროდუქტით მდიდარი დიეტა.

1: შეამცირეთ რძის პროდუქტების მიღება. ჭამამდე 30 წუთით ადრე, დალიეთ 1 ან 2 ჭიქა თბილი წყალი.

2: დილით მიირთვით შვრიის ფაფა ან კვერცხი. სასურველია დღეში მინიმუმ 4-ჯერ კვება. უმჯობესია თუ 5-ჯერ კვებას მოასწრებთ. ამით თქვენს მეტაბოლიზმს დააჩქარებთ. ეს ნიშნავს, რომ უნდა მიირთვათ ცოტ-ცოტა, ყოველ 3 საათში ერთხელ.

3: აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. თითოეულ კუნთს ინტენსიური ვარჯიში სჭირდება. რეკომენდებულია კარდიო ვარჯიში, ამ შემთხვევაში სირბილი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. პირადად მე მხოლოდ 30 წუთს დავრბივარ.

4: კვების რაციონიდან ამოვიღოთ კეტჩუპი, მაიონეზი, გაზიანი სასმელები, ცხიმიანი საკვები, თეთრი პური და ღორის ხორცი. ყოველივე ეს ანელებს მეტაბოლიზმს.

5: მივიღოთ რთული ნახშირწყლები, ესენია: წიწიბურა, ბრინჯი, შვრიის ფაფა, მაგარი ხორბლის მაღალი ხარისხის მაკარონი. თუმცა რთული ნახშირწყლები უნდა მივიღოთ დღის პირველ ნახევარში. საღამოს მათი მირთმევა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად ძალიან აქტიური ან სპორტსმენი ხართ.

6: კვების რაციონიდან ცხიმების ამოღება, მავნე ცხიმებზე, ტრანს ცხიმებზე უარის თქმას გულისხმობს. არის სასარგებლო ცხიმები, რომლებიც აუცილებლად უნდა მივიღოთ, ესენია: ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, ავოკადო და ა.შ.

7: უფრთხილდით ე.წ. სწრაფ და ცილოვან დიეტებს. ისინი ანგრევენ თქვენს ჯანმრთელობას. საუბარი მაქვს მაწონისა და კეფირის დიეტებზე, ან კეფირისა და წიწიბურის ან მხოლოდ ცილოვან კვებაზე. ასეთი დიეტები დაგაკარგინებთ კუნთოვან მასას, საფრთხეს შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას და მხოლოდ დროებით ეფექტს მოგცემთ, რადგან ასეთი შიმშილის დროს ცხიმი არ იწვება. სრულფასოვანი კვებისთვის და წონაში ჯანსაღად კლებისთვის, აუცილებელია როგორც რთული ნახშირწყლების, ასევე ცილების და სასარგებლო ცხიმების მიღება.

8: არასოდეს მიირთვათ დანაყრებამდე. თუ ვარჯიშობთ, სასურველია საკვები მიიღოთ ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე.

9: გახსოვდეთ, რომ იდეალური შედეგის მისაღწევად საჭიროა როგორც ჯანსაღი კვება, ასევე ფიზიკური დატვირთვაც. პირადად მე, ძალიან მკაცრი ვარ ჩემს მოწაფეებთან. თუკი მათ წონაში კლება და სხეულის ლამაზი ფორმები სურთ, მათგან მაქსიმალურს ვითხოვ, რადგან შეუძლებელი არაფერია. თუ რეალურად გაქვთ სურვილი, რომ შეცვალოთ თქვენი სხეული, სწორი კვებითა და ვარჯიშის თქვენთვის შესაფერისი პროგრამით, ეს მიღწევადია. რაც მთავარია, ჩემი მოსწავლეები არასოდეს შიმშილობენ, რადგან წონაში კლება შიმშილს არ საჭიროებს.

10: აქვე გასათვალისწინებელია, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. კვების რაციონის და სავარჯიშო პროგრამის შედგენისას აუცილებლად უნდა დაეთმოს ყურადღება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სასურველია შეამოწმოთ თქვენი ჰორმონები.

width=854

ავტორი: მარიამ გიგანი