ბექა ნაცვლიშვილი: მოსამართლეების ამ ტიპის სიას უმრავლესობა თუ მხარს დაუჭერს, უმრავლესობას დავტოვებ

16:00 01-08-2019
94

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა უმრავლესობის რიგები დატოვოს. 

უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ თუ მისი თანაგუნდელები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენილ სიას მხარს დაუჭერენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

დეპუტატის აზრით, უმჯობესი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის თაობაზე საკუთარი პოზიცია ყველა დეპუტატმა გამოხატოს.

"ეს სია უნდა გაიწვიონ. თუ ჩვენ ვაღიარებთ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ხასიათს და ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელისუფლება ეფუძნება სისტემას, რომელსაც ჰყავს თავისი მოსამართლეები, მაშინ, შესაბამისად, ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ გამწესებულები სასამართლოს დაბალ დონეზეც კი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ე.ი. ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლება იყო ერთ-ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც არჩევნების შედეგად უბრალოდ დამარცხდა.

თუ მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და თუ ამ მიმართულებით არაფერი არ შეიცვლება და განსაკუთრებით, ვთქვათ, ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა, რა ტიპის სიაც იყო შემოსული და უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე პირდაპირ აქვე ვაცხადებ, რომ მე უმრავლესობას დავტოვებ.

ვერ გეტყვით, ჩემი რამდენი კოლეგა ეწინააღმდეგება ამ სიას, მაგრამ თუ ჩვენ ვართ უმცირესობაში, საზოგადოებაა უმრავლესობაში, რადგან საზოგადოების კრიტიკულ ნაწილს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ამ მოსამართლეების მიმართ. თუ ეს სია გავა, სასამართლოს მიმართ ნდობა არასდროს აღარ აღდგება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.