შეხვედრაზე ბოლო დროს მმართველ პარტიაში მიმდინარე საკითხები არ განიხილება - მამუკა მდინარაძე

18:36 01-08-2019
54

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კაჭრეთში განაცხადა, რომ შეხვედრაზე ბოლო დროს მმართველ პარტიაში მიმდინარე საკითხები არ განიხილება.

მისივე თქმით, შეხვედრას პრემიერ-მინისტრიც ესწრება.

"მიმდინარეობს სემინარი, რომელშიც ჩართულია პრაქტიკულად ყველა მინისტრი, პარლამენტიდან წარმომადგენლები. სემინარი ემსახურება მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს კოორდინაციის გაუმჯოობესებას, ასევე მენეჯმენტის გაუმჯობესებას ამ მიმართულებით. მასში ასევე ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები და ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები მართლაც გააუმჯობესებს კოორდინაციას მთავრობასა და პარლამენტს შორის",- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას თუ რატომ არ ესწრებიან შეხვედრას ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, მდინარაძე ამბობს, რომ ისინი სიაში თავიდანვე არ ყოფილან. "ამ შეხვედრას არ ესწრება დაახლოებით ასამდე დეპუტატი. ამ დღეებში განვითარებული მოვლენები არაფერ შუაშია. ეს სემინარი დაიგეგმა სამი კვირის წინ. მთელი საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება არ წამოსულიყო. დაპატიჟებული აქ არავინ არის. წინასწარ შედგა სია, თავიდანვე ეს ადამიანები ამ სიაში არ იყვნენ. ორგანიზატორების მიერ ეს ადამიანები მოწვეულები არ არიან, ისევე, როგორც სხვა უამრავი ადამიანი. ამის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ერთად",- განაცხადა მდინარაძემ.