შესაძლო აფეთქების საფრთხე ავსტრალიაში - საელჩოს შენობებთან საეჭვო ამანათები იპოვეს

11:30 01-09-2019
62

ავსტრალიის ორ ქალაქში, კანბერასა და მელბურნში, პოლიცია აფეთქების შესაძლო საფრთხეს იძიებს.

საეჭვო ამანათები აღმოაჩინეს გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების, პაკისტანის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის, ახალი ზელანდიის, იტალიის და საფრანგეთის საკონსულოებში. თითოეულ შენობასთან პოლიციისა და სახანძროს თანამშრომლები მუშაობენ და ამანათების შიგთავსს იკვლევენ.

მელბურნის პოლიციის განმარტებით, ინციდენტის სამიზნე უშუალოდ საელჩოს შენობებია და რიგით მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

გამოძიებაში მონაწილეობას იღებენ ის ქვეყნებიც, რომელთა საკონსულოს შენობებშიც ამანათები იპოვეს.

მელბურნში მდებარე შვეიცარიის საკონსულოს ინფორმაციით, მათ კონვერტი მიიღეს, რომელშიც ნივთიერება ასბესტი იპოვეს. იგი დაუყოვნებლივ გადასცეს საგანგებო სიტუაციების სამსახურს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კონვერტის შიგთავსი მომწამვლელი არ არის.

მსგავსი ინციდენტი ორშაბათს სიდნეიშიც მოხდა. არგენტინის საკონსულოში საეჭვო ამანათები მიიღეს, რომლებშიც თეთრი ნივთიერება იყო მოთავსებული. თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არც ეს ნივთიერება იყო სიცოცხლისთვის საშიში.

 

ავტორი: მარიამ გიგანი