განცხადებით ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გუნდს უჭერს მხარს - დავით ჭიჭინაძე

14:45 01-10-2019
93

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება. 

ჭიჭინაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილი, უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეთა სიის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და იგი მხარს კობახიძის გუნდს უჭერს. 

სიის დამტკიცების და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შემთხვევაში დეპუტატი აქციებს არ გამორიცხავს. დეპუტატი ამბობს, რომ როდესაც რაღაც საკითხის გატანა ხელების გადაგრეხვით ხდება, არ არის გამორიცხული პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.

ამ განცხადებით ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გუნდს და მოსამართლეობის კანდიდატთა სიას უჭერს მხარს. საინტერესო ის არის, ხალხი ვის უჭერს მხარს და რამდენად ემთხვევა ეს იმ დანაპირებს, რომელიც გაიცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის. მას რომ გაეკეთებინა მეორე ტურამდე განცხადება, რომ მხარს უჭერს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და სხვა მოსამართლეებს, არა მგონია, გაემარჯვებინათ. ის დაპირებები, რაც გაიცემა არჩევნების წინ, ამის მაგალითი არის დონალდ ტრანპი, თუ როგორ ცდილობს შეასრულოს თავისი საარჩევნო დაპირება. რა დაპირებასაც საარჩევნოდ ვიძლევით, უნდა შესრულება. ჩემი ეჭვები გამართლდა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან : მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.

სწორედ აღნიშნული სია გახდა მმართველ გუნდში განხეთქილების მიზეზი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და სიის უკან გაწვევა მოითხოვა. დაპირისპირება კვირაზე მეტია გრძელდება. უცნობია როგორ განვითარდება პროცესები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხონ.