დასისხლიანებული ახალგაზრდები რომ მიყავდათ, ბედნიერი უსჯიდა ადმინისტრაციულ პატიმრობას - ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილზე

18:02 01-11-2019
608

ეკა ბესელია სასამართლოს იმიჯზე, ავტორიტეტსა და სანდოობაზე ალაპარაკდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მოსამართლე მეთოფიშვილს აკრიტიკებს და მისი საქმეების გახსენებას ითხოვს.

მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლე რომ ზიანს მიაყენებს სასამართლოს იმიჯს და ავტორიტეტს, ისე ვერავინ დააზიანებს. ალაპარაკეთ კიდევ მეტი და მერე იწუწუნეთ რატომ აქვს სასამართლოს ასეთი დაბალი სანდოობა. სამწუხაროა ასეთი მოსამართლის ხელში მართლმსაჯულება! ბატონი მეთოფიშვილის გამონათქვამები არ იმსახურებს ჩემს კომენტარს, მე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი ეს ადამიანი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და სამართალს ამრუდებდა. გადახედეთ მის საქმეებს, ყველაზე რეპრესიული რეჟიმის დროს 2009-11 წწ იყო ადმინისტრაციულ კოლეგიაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. დასისხლიანებული ახალგაზრდები რომ მიყავდათ, ბედნიერი უსჯიდა ადმინისტრაციულ პატიმრობას. დაჩი ცაგურია ახსოვს ნეტა?? შორს წამიყვანს ჩამონათვალი... ალაპარკეთ მეტი და ნაკლები ახსნა დაგვჭირდება რის დაცვას ვცდილობთ და ვისგან - წერს ბესელია.

მანამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა, ვრცელი წერილი დაწერა. გოგიჩაიშვილს, კობერიძეს და ბესელიას მოუწოდა, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინონ. გთავაზობთ ფრაგმენტს, პოსტიდან:

კარგია, რომ ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს გვიან, მაგრამ მაინც გაახსენდათ სიტყვა “პატივცემული”! მათ ვურჩიე ხშირად გაიხსენონ ეს სიტყვები, როდესაც ჭორის დონეზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეურაცხმყოფლად საუბრობენ მოსამართლეებზე, ფაქტიურად კი ტალახს ესვრიან ცალკეულ მოსამართლეებს, მთელ სისტემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბრობენ სასამართლო სისტემაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაღაც ვიწრო ჯგუფებზე, წარსულში დავალებების შესრულებებზე, მოსამართლეთა შავ სიებზე, მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებაზე, ცალკეული მოსამართლეების უღირს რეპუტაციებზე და ა.შ. - წერდა მეთოფიშვილი.

 



ავტორი: