ახალი კრიტერიუმებით სიაში უკვე შეყვანილი მოსამართლეებიც შეფასდებიან - გია აბაშიძე

13:32 01-12-2019
286

კარგია რომ უმრავლესობამ გაიგო საზოგადოების ხმა - ანალიტიკოსი გია აბაშიძე ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქაუტაძის შეხვედრას აჯამებს და იმ კრიტერიუმებს განმარტავს, რაც მისი მოსაზრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს.

მისი თქმით, ხმის არ მიცემით, პარლამენტს შეუძლია ამ სიის ჩაგდება, რასაც უნდა მოჰყვეს კრიტერიუმების შემუშავება, როგორი მოსამართლე არ შეიძლება იყოს უვადოდ დანიშნული.

კარგია რომ უმრავლესობამ გაიგო საზოგადოების ხმა, რომ იმ კანდიდატების სახით და იმ პროცედურით, როგორც დეკემბრის ბოლოს წარადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამ მოსამართლეთა კანდიდატების სიები, მიუღებელია აბსოლუტურად. ახლა დაიწყო ზუსტად ამ კრიტერიუმების შემუშავება, როგორც თავად კობახიძემ განაცხადა რეტროაქტიულად იმუშავებს და შეეხება არსებულ სიასაც. იმიტომ რომ პარლამენტს არ აქვს ამის გაწვევის უფლება.

დასჭირდება გარკვეული დრო, ალბათ საგაზაფხულო სესიაზე ამ კრიტერიუმებზე უნდა შეჯერდნენ. კრიტერიუმი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით მარტივად, მაგრამ აუცილებლად მისაღები. ერთი არის ის, რომ იმ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს სტრასბურგის სასამართლოსთან პრობლემა, ჩემი აზრით მეორე შეიძლება იყოს ის, რომ 2012 ახალი ხელისუფლება მოვიდა და დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, პროკურატურამ ხელახალი საქმეები გამოიძია და გამტყუნდა სასამართლოს განჩინებით, წინა სასამართლოს გადაწყვეტილებები, ესეც შეიძლება კრიტერიუმად ჩაიდოს. შეიძლება კიდევ სხვა კრიტერიუმებზეც შეჯერება.

კარგია, რომ პროცესი დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამას მძლავრი ბიძგი ბიძინა ივანიშვილის გუშინწინდელმა განცხადებამ მისცა. თუმცა, სამწუხაროა, რომ მხოლოდ ივანიშვილის ჩარევით ხდება პროცესების ასე დინამიკაში წარმართვა - განუცხადა პრაიმტაიმს აბაშიძემ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ისაუბრეს იმ პროცედურებზე, რის მიხედვითაც ამ სიის განხილვა და დამტკიცება უნდა მოხდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსამართლის მიმართ კითხვები იარსებებს, შემუშავდება ახალი კრიტერიუმები და მოხდება ამ კონკრეტული მოსამართლის შესახებ მსჯელობა.

ავტორი: