„ღორის გრიპით“ სომხეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა. H1N1-ის ვირუსით გამოწვეულმა გართულებებმა შუახნის ასაკის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის განცხადებით, პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებაც აწუხებდა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად „ღორის გრიპის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა ფიქსირდება. სეზონური გრიპის სიმპტომებით კი სომხეთში საავადმყოფოებს 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ამ მხრივ სომხეთში მძიმე სიტუაციაა. რისკ ჯგუფებიდან: აცრილია ფეხმძიმე ქალების მხოლოდ 1.65%, ბავშვების 3.2%, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების 6.9% და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების 1.1%.
აზერბაიჯანში კი ამ სეზონზე „ღორის გრიპი“ საერთოდ არ ფიქსირდება. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო.
„სომხეთში ღორის გრიპი არ ფიქსირდება, თუმცა მისი აღმოჩენის შემთხვევაში, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემა მზადაა ვირუსის შესაჩერებლად. H1N1 გავრცელებულია მეზობელ საქართველოში. თუმცა ჩვენ ვერ ავკრძალავთ საქართველოდან აზერბაიჯანში შემოსვლას,“ – სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იბადულა აღიაევი.
თურქეთსა და რუსეთში H1N1 ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. „ღორის გრიპი“ ფართოდ არის გავრცელებული შეერთებულ შტატებში, თუმცა ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში 2018 წლის გრიპის ვაქცინა ეფექტურად უმკლავდება H1N1 ვირუსს.
კანადაში „ღორის გრიპმა“ წელს 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 6 ბავშვის. კანადის მასშტაბით, H1N1 ვირუსით საავადმყოფოში 540 ადამიანი განთავსდა.
ავტორი: მარიამ გიგანი