"დიდი იმედი მაქვს, რომ დაპირისპირება არ გაღრმავდება და ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით გაუგებრობა მალე გაირკვევა"- მიხეილ გიორგაძე

18:31 01-14-2019
157

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება, - ასე უპასუხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას შეეხებოდა.

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.

„ინფორმაცია სულ რამდენიმე წამის წინ გავიგე, ამიტომ დეტალებს, თუ რა მდგომარეობაა ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, არ ვფლობ. თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს კომპეტენცია გარევაჭრობის მოწესრიგების, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში, მიუხედავად იმისა ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია თუ არა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა, მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილიდან მცხეთის ჯვრის მონასტრის კარი დაკეტილია. ტაძარში შესვლა არ შეუძლიათ როგორც მომლოცველებს, ასევე ტურისტებს.

ადგილზე მომუშავე გარემოვაჭრეების ინფორმაციით კი, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ბერებმა მიიღეს, რასაც გარევაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც წლებია ვაჭრობა ხორციელდება, სასულიერო პირებს კელიის დადგმა სურთ.