თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკერიას თქმით, ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესია შერწყმულია პუტინის რეჟიმთან და წარმოადგენს ამ რეჟიმის ინსტრუმენტს მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში, ხოლო მთლიანად მსოფლიოში - თავისუფლების წინააღმდეგ.
ეს არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი მოვლენა და მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება არ არის. ჩვენ საქართველოში გვაქვს ნანახი, როგორ იყენებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენას პუტინის რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ, პირდაპირ აგრესიაში თუ პროპაგანდისტულ ომში. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. „ევროპული საქართველოს ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ მიულოცეს უკრაინელ ხალხს ეს გამარჯვება, მაგრამ ჩვენ არ მოგვისმენია არც პრემიერ-მინისტრისგან, არც საგარეო საქმეთა მინისტრისგან, არც პარლამენტის თავმჯდომარისგან და არც ქართული ოცნების რომელიმე ლიდერისგან მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ის ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებას. ბოკერიას თქმით, ზურაბიშვილის მიერ ეკლესიისკენ ხელის გაშვერა ფუნდამენტურად არასწორია.
„ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის გაუგებარი განცხადება, სადაც მან ეკლესიისკენ გაიშვირა ხელი, რაც ფუნდამენტურად არასწორია. საქართველოში ჩვენი კონსტიტუციით ხელისუფლება, სახელმწიფო და ეკლესია არის გაყოფილი. საზოგადოების წინაშე პირდაპირ ანგარიშვალდებულია ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დააფიქსირონ, როგორია მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ აქვთ ის პოზიცია, რაც აქვთ. მათ მაინც მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, „ევროპული საქართველო მათ პარლამენტში დავიბარებთ, მაგრამ თითოეული დღე როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის. შესაძლოა, ეს კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამიტომ ველოდები მათ პასუხს - რა არის მათი პოზიცია, რატომ აქვთ ეს პოზიცია და ნუ გაიშვერენ ხელს საქართველოს ეკლესიისკენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენმა მეგობრებმა მთელ მსოფლიოში იცოდნენ, რა ინსტრუმენტებს იყენებს ჩვენს წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ რუსეთი. ასეთი ინსტრუმენტი არის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. ამ შესაძლებლობის არგამოყენება, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ საერთაშორისო ასპარეზზე, არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა,- დასძინა ბოკერიამ.