გარწმუნებთ, ძალიან კონსტრუქციულად და მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით.
მიხეილ გიორგაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგ არსებული ვითარება მოწესრიგდება.
„სანამ ეს შედარებით დიდი პროექტი გაკეთდება, პირველადი მოწესრიგებისთვის, ამ შემთხვევაში, უფრო დიდი როლი ენიჭება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ვიდრე ეს შეიძლება სამინისტროს ენიჭებოდეს. თუმცა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ პრობლემისთვის თავის არიდებას. ჩვენი მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ჩართული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განსაზღვრავს ადგილს, სადაც გადაიყვანენ გარემოვაჭრეებს.
„დარწმუნებული ვარ, ძეგლის ჭიშკარი გაიხსნება და არც ტურისტებს, არც მომლოცველებს პრობლემა არ ექნებათ, რომ შეაღწიონ ტერიტორიაზე. გარწმუნებთ, ძალიან კონსტრუქციულად და მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.