რა ეტაპზეა ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე დაწყებული გამოძიება ტრაგედიიდან ორი თვის შემდეგ

12:12 01-17-2019
342

ამ დრომდე არ არის დასრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული გამოძიება აფეთქების კიდევ ერთ შემთხვევაზე, რომელიც ზუსტად 2 თვის წინ, გასული წლის 15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში მოხდა. მაშინაც, საცხოვრებელ კორპუსში  აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში პრაიმტაიმს განუცხადეს, რომ ფონიჭალაში აფეთქების შემთხვევაზე გამოძიება კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დანიშნულია სხვადასხვა სახის, მათ შორის: სახანძრო, სამედიცინო და საინჟინრო ექსპერტიზები, რომელთა პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, გამოძიების პროცესში გამოვლინდა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას 30 წლის ქალისა და მისი წლამდე ასაკის ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა დედა-შვილი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს.

შემთხვევის შედეგად, სხეულის სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო და დაშავდა სამი ადამიანი: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. ბაბუას სხეულის 65%, დედას -55% და შვილიშვილს-12% დამწვრობა აღენიშნებოდათ.

ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქების შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით (ელექტრო, თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან რამე სხვა მძიმე შედეგი) მიმდინარეობს. მუხლი 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ავტორი: თამარ ტომარაძე