კორპუსი, რომელიც ავთანდილის ქუჩაზე, #8-ში მდებარეობდა და სადაც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო, თუმცა ბინებში მოქალაქეები მაინც ცხოვრობდნენ.
როგორც პრაიმტაიმს თბილისის მერიაში განუცხადეს, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ იყო, თუმცა 2009 წლის შემდეგ კანონდარღვევად აღარ ითვლება დაუმთავრებელ კორპუსში ცხოვრება.
2009 წლამდე ითვლებოდა სამართალდარვევად, მაგრამ 2009 წელს შევიდა ცვლილება კანონში და კანონდარღვევად აღარ ითვლება დაუმთავრებელ კორპუსში ცხოვრება, - გვითხრეს მერიაში.
ძლიერი აფეთქება დიდ დიღომში გუშინ, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.