სახალხო დამცველი დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ხელისუფლებას მოუწოდებს

13:40 01-17-2019
83

საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

სახალხო დამცველი აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ამ ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასევე მატერიალური დახმარება მიიღოს.

ამასთან, ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედიის მასშტაბებისა და სიმძიმიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად სწრაფად შეისწავლიან აფეთქების გამომწვევ და დამანგრეველი ეფექტის სიძლიერის მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაზღვროს იმ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია, მაშინ როცა არაერთი სამშენებლო მასალა ხასიათდება არამდგრადი, წვადი თუ სხვა მავნე ბუნებით; ასევე აუცილებელია ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიების სრულყოფა - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია. ასევე დაღუპულები არიან ბავშვის დედა და დეიდა. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან ორი გარდაცვლილი ბავშვის მამა და და არიან. მათი ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკაში მხოლოდ ერთი მოზარდი რჩება, რომელსაც თავის ოპერაცია ჩაუტარდა და ბევრი სისხლი დაკარგა, თუმცა როგორც ექიმი აცხადებს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

ავტორი: