გაზის მილები, რომელსაც კორპუსებში იყენებენ სტანდარტებს არ შეესაბამება: პლასტმასია და მხოლოდ თხელი ალუმინი იცავს

14:53 01-17-2019
2154

დიდი დიღმის ტრაგედიამ სახიფათო პრობლემა საკმაოდ კომპლექსურად წარმოაჩინა. აღმოჩნდა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ მოქმედებს შესაბამისი რეგულაციები, ყველაფერი აწყობილია ბიზნეს ინტერესებზე და უსაფრთხოება და ხარისხი სათვალავშიც აღარ არის. 

ინფორმაცია, რომელიც bm.ge-მ „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ გამოითხოვა სკანდალურადაც კი ჟღერს: 2018 წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის - 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა.

„პრაიმტაიმი“ შეეცადა გაერკვია რა ხდება ამ სფეროში. ექსპერტისა და ეკონომისტის სოსო სიმონიშვილის განმარტებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კანონი არც სტანდარტებს ადგენს და არც რეგულაციებს:

„სერიოზული სტანდარტები და რეგულაციები იყო ადრე, იგივე 80-იან წლებში... ნაციონალების დროს ყველაფერი გაუქმდა. ტექნიკური სამსახურის მთელი შემადგენლობა დაითხოვოს, ბევრიც დაიჭირეს. .. ის კანონიც კი გააუქმეს, რის საფუძველზეც ეს სამსახური არსებობდა. წელი თუ წელზე მეტი საერთოდ არანაირი რეგულაციები არ არსებობდა, ამ სფეროში სიცარიელე იყო. შემდეგ შეიქმნა ახალი კანონი, მაგრამა ის უკვე აღარ ითვალისწინებდა იმ ოქროს წესს, რომელიც მთელს მსოფლიოშია. მგონი ჩვენა ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეგულაციების გარეშეა დარჩენილი. ტექნიკური ზედამხედველობის სფერო მიტოვებულია.

წარმოიდგინეთ როგორია რელობა: თბილისის ქსელს ექსპლუატაციის ვადა 25-30 წელი აქვს. მაშინ სტანდარტები ამ სფეროში მოქმედებდა და იცავდნენ. მაგრამ თუკი ელექტრო-ქიმიური დაცვა ქსელს არა აქვს, მაშინ მისი საექსპლუატაციო ვადა ნახევრდება. 60 წლიდან რომ დავითვალოთ, 80-იანელების ბოლოს უკვე 30 წელი გავიდა და ექსპლუატაციის ერთი ვადა ამოიწურა, დღემდე კიდევ დაახლოებით 30 წელია გასული. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ქსელს ელექტრო-ქიმიური დაცვა არა აქვს, მაშინ გამოდის რომ სამი ვადა აქვს მიწის ქვეშა ქსელებს გასული. ეს ძალიან სახიფათოა“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში სოსო სიმონიშვილი. 

მისივე განმარტებით, ცალკე შეშფოთების საკითხია მიწისზედა ქსელები, სადაც უკვე არანაირი სტანდარტი და რეგულაცია არ არსებობს, კანონი „უბრალოდ აღარ ავალებს ის ნორმები დაიცვას, რომელიც ადრე იყო. საქმე ისეთ აბსურდამდეც კი არის მისული, რომ კომპანიებს შეუძლიათ, ესეთი ნორმები ჯერ თავად დაიდგინონ და შემდეგ, თავადვე გააკონტროლონ ისინი“ - განმარტავს სიმონიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში. მისი განმარტებით, სხვას რომ ყველაფერს თავი გავანებოთ, „ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვს ჩვენგან სტანდარტების დანერგვას და მის დაცვას“.  

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება დიდ დიღომში მომხდარიყო, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, ამის თქმა, ექსპერტებს უჭირთ. ვერსია, შეიძლება, ბევრი იყოს. დეტალები საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია - გამოძიება მიმდინარეობს. 

„ფაქტია, რომ გაზის სუნი იდგა კორპუსში და სპეციალისტები გამოიძახეს, მათ კი ვერაფერი იპოვეს და ეს ცოტა უცნაურია. თუკი გადაბმის ადგილებში გაჟონვის კვალი ვერ იპოვეს, მაშინ ისინი მილებს უნდა გაყოლოდნენ და ქსელი მთლიანად შეემოწმებინათ. გასაგებია, რომ ზოგიერთი ბინა დაკეტილი იყო, მაგრამ ამისთვის არსებობს პატრული. ეს უკვე საგანგებო ვითარებაა, პატრულს რამდენიმე მეზობლის თანდასწრებით კარები უნდა გაეხსნა. კერძო საკუთრება გასაგებია, მაგრამ საქმე როცა უსაფრთხოებას ეხება, აქ უკვე სხვა პრიორიტეტები ჩნდება“ - ამბობს სიმონიშვილი. 

მისივე განმარტებით, მილები, რომელსაც ახლა იყენებენ იმდენად დაუცველია, რომ ვერაფერს გამორიცხავ: „მილები პლასტმასის არის და შიგნიდან მხოლოდ თხელი ალუმინი აქვს, თუკი სახლი ჯერ ექსპლუატაციაში არ იყო, შესაძლოა, რემონტის დროს რომელიმე ინსტრუმენტითაც გახვრეტილიყო“.

სოსო სიმონიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაზის გასამართ სადგურებია, რომლებიც მანქანებს ტუმბავენ:

„ეს სადგურები გაზის ქსელისგან მოითხოვენ, რომ გაზს არა ჰქონდეს ოდორანტი. მოგეხსენებათ, გაზს თვითონ სუნი არა აქვს და ოდორანტს უმატებენ რომ სუნი მისცეს, მანქანაში ოდნავ მაინც თუა გაჟონვა, მაშინვე იგრძნობა, მათ კი არ უნდათ რომ მანქანაში გაზის სუნი იდგეს.“- აცხადებს ექსპერტი და იქვე დასძენს რომ მნიშვნელოვანია გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სტაბილურად მოახდინოს გაზის ოდორიზაცია, მათ სტანდარტი უნდა დაიჭირონ. 

სოსო სიმონიშვილის განმარტებით, გაზის მანქანები კარგია ეკოლოგიის თვალსაზრისით და ტექდათვალიერება, მისივე განმარტებით, აქ პრობლემას მოხსნის. მისივე განმარტებთ, სასწრაფოდ უნდა შემოვიდეს კანონი, რომელიც ევროპულ რეგულაციებს დააწესებს და ამ სფეროს მოაწესრიგებს. 

 

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი