Freedom House თავის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით შეაფასონ ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობა - აკაკი ზოიძე

17:18 01-17-2019
67

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ორგანიზაცია Freedom House-ს აკრიტიკებს.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით შეაფასონ ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც „Freedom House-ია“, თავის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით შეაფასონ ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა თუ ცალკეული მოვლენები, რომელიც იმ ქვეყანაში ხდება. გვახსოვს, რომ შარშან სააკაშვილის და მისი სისტემური დანაშაულის შემოქმედი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ განაჩენები და ბრალდებები შეფასდა, როგორც პოლიტიკური ვენდეტა. თუმცა საუბარი იყო მაგალითად გირგვლიანის საქმეზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო - ადამიანის უფლებათა საუკეთესო სტანდარტებზე დაყრდნობით. ვფიქრობ, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ დარჩა კითხვის ნიშანი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ანალოგიურად, საუბარი იყო ტენდენციურ შეფასებებზე, რომელიც ეხებოდა მიწისქვეშა სადგომის გადაცემას თითქოს შეღავათიან ფასად; თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ხელისუფლების რუპორი და ასე შემდეგ. არის მკვეთრად სუბიექტური შეფასებები. ადამიანს სრული უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ეს აზრი არ უნდა გამოცხადდეს დემოკრატიის სტანდარტად, და ეს აზრი არ უნდა იყოს გადმოცემული ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებებში, როგორიც “Freedom House”-ია, რომელსაც ბევრი ადამიანი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აკვირდება“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.