"წითელას ეპიდაფეთქებაა"- ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს

12:58 01-18-2019
200

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას წითელას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა წითელას თემაზე ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, ის მდგომაროება, რომელიც გვაქვს უკიდურესად საყურადღებოა და მას ეპიდაფეთქება ეწოდება. 

„ეს პრობლემა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაისახა, თუმცა ის მდგომარეობა რაც ჩვენ დღეს გვაქვს უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება, რომელსაც თავისი რეაგირების გეგმა აქვს, თუმცა მედიის და საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარმატების მიღწევა რთული იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, 335 დაავადების შემთხვევაა წითელასი, რომელიც მკვეთრდა მატულობს დღეების მიხედვით. განსხვავებით გრიპის სტატისტიკისა და ეპიდემოლოგიისგან, ამ შემთხვევაში ეს რაოდენოდა უკვე საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია - ეს არის ეპიდაფეთქება. ამის სპეციფიკა ის არის, რომ ერთადერთი და გარანტირებული დაცვა ამ დაავადების გავრცელებისგან არის ვაქცინაცია, რომელიც ყველასთვის ხელმიწვდომადია.

მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ იყო მცდელობა რომ მომხდარიყო მასიური კამპანიური აცრა წითელას წინააღმდეგ, რადგანაც ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმური ვაქცინაცია, მაგრამ დიდწილად ეს არ ხერხდებოდა ცნობილი მიზეზის გამო. 2008 წლის მდგომარეობით, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი, იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, ნახევარის- ვერა და ამაში გარკვეული წვლილი მაშინ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს. დღეისთვის, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანი არის წითელას იმუნიტეტის გარეშე, უმეტესად ეს არის საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებშიც დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება ამასთან საბრძოლველად. ამიტომ ცალსახა მოწოდება იქნება, რომ ერთიანად ჩავატაროთ ვაქცინაცია და მოვხსნათ ეს რისკი, სხვა შემთხვევაში, რისკები იქნება მაღალი“,- განაცხადა სერგეენკომ.