ნიკოლოზ ბასილაშვილი: „დიდი სლემის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი“

13:00 01-18-2019
96

გამთენიისას ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ოთხსეტიან დაპირისპირებაში 6:3, 3:6, 7:6(9:7), 6:4 დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მარცხის შესახებ კომენტარი საკუთარ Facebook გვერდზე გააკეთა:

„მოგესალმებით მეგობრებო, რა თქმა უნდა, არ იყო ის შედეგი, რასაც მე და ჩემი გუნდი ველოდით. ამ თამაშმა კარგად დამანახა რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად და ზოგადად კორტზე. ვთვლი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი.“ - განაცხადა ბასილაშვილმა.

მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ორი შეხვედრა მოიგო. პირველ წრეში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 170-ე ნომერი კრისტოფერ იუბენსკი 4 სეტში, 6:4, 4:6, 7:6, 6:3 დაამარცხა, შემდეგ კი 137-ე ნომერ, იტალიელ სტეფანო ტრავალიას ხუთ სეტში - 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 მოუგო.