დავით სერგეენკო: წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება

13:11 01-18-2019
869

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.

წითელას ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, რომელილც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია. ვაქცინა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის უფასოა. გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას. თუ კი ვინმეს, განსაკუთრებით თუ ვინმეს, 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს არ აქვს ზუსტი დადასტურება, რომ მან გეგმური ვაქცინაცია ჩაიტარა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა, მაგრამ დადასტურებული არ აქვს, მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან თუკი ჰქონდა გაკეთებული და კიდევ გაიკეთა, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია უნდა მოხდეს კალენდრის მიხედვით, ხოლო 40 წელზე მაღალ ასაკში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი წითელასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა დავუჭიროთ ამ კამპანიას მხარი იმისათვის, რომ 200 ათასი ადამიანი დღეს, რომელსაც იმუნიტეტი არ აქვს და უკვე ეპიდაფეთქება გვაქვს, არის მაღალი რისკის ქვეშ. უკლებლივ ყველა მათგანმა უნდა ჩაიტაროს ეს მარტივი მანიპულაცია, ვაქცინაცია, რომელიც გარანტირებულად დაიცავს ამ დაავადებისაგან, - განაცხდა სერგეენკომ.