"სწავლა ოთხი დღით მხოლოდ იმ სკოლებში შეწყდება, სადაც წითელას შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება"- სერგეენკო

18:59 01-18-2019
4005

სწავლა ოთხი დღით მხოლოდ იმ სკოლებში შეწყდება, სადაც წითელას შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც  წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებების კომპლექსი დაამტკიცეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ამ ეტაპზე, სწავლის შეჩერების აუცილებლობა არ არის.

„სწავლის შეჩერების ჩვენება არ არის. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს პროტოკოლი, რომლითაც სკოლების მონიტორინგი ხდება. თუკი რომელიმე სკოლაში იქნება გაზრდილი მაჩვენებელი, იმ კონკრეტულ სკოლაში ოთხი დღით შეწყდება სწავლა, ასეთი ეპიდემიოლოგიური კალენდრები არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, მინისტრის თქმით, აუცილებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართვა, გუბერნატორთა კოორდინაცია. ასევე შსს-ს, თავდაცვის სამინისტროსა და იმ უწყებათა წარმომადგენლების ორგანიზებული ვაქცინაცია, რომლებშიც ავადობის რისკი მაღალია.

„თუკი დოკუმენტურად იცით, თქვენი ბავშვობის ანკეტა გაქვთ ნანახი სადაც წერია, რომ ორჯერადი აცრა გაქვთ გაკეთებული, ახლა საჭირო არ არის. თუკი დოკუმენტურად გიწერიათ, რომ წითელა გადატანილი გაქვთ, აცრა საჭირო არ არის, სხვა შემთხვევაში, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გადატანილი გაქვთ წითელა ან გაქვთ თუ არა გაკეთებული აცრა, მაინც უნდა გაიკეთოთ. ეს ზედმეტი არ იქნება, მაგრამ გარანტირებულად დაგიცავთ. ვაქცინა ყველასთვის უფასოა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.