„საქართველოს რეგიონებში 3 დღეა რაც დაიწყო სოფლის კრებები, უკვე 120-ზე მეტი კრება ჩატარდა და მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები“ - განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოიყო 20 მილიონი ლარი, რაც სოფლის მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
„მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის მხარის რამდენიმე სოფელში გადაწყდა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამეგრელოს ერთ სოფელში წყლის სისტემები გაიმართება, ქარელის სოფელ ფცაში კი, სადაც მეც ვესწრებოდი სოფლის კრებას, მოსახლეობამ გარე განათების დამონტაჟება გადაწყვიტა. მართალია, პროექტები შედარებით მცირებიუჯეტიანია, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ თანადაფინანსების უფლება“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კოპირება მოხდება აჭარაში და ავტონომიური რესპუბლიკის სოფლებში, ამ მიმართულებით, დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.