საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook - DDG-75) შემოვიდა. ბათუმში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ხომალდის მეთაურს, კაპიტან მეთიუ პაუელს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პირველი რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი შეხვდა. პარალელურად, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა ხომალდის ეკიპაჟსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებზე მხარეებმა დაგეგმილ სწავლებებსა და ერთობლივ წვრთნებზე ისაუბრეს.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მეორედ იმყოფება. ამ ეტაპზე ამერიკული ხომალდი, საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებთან - „დიოსკურიასა“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად, საზღვაო წვრთნებს ჩაატარებს.
ხომალდი „დონალდ კუკის“ აღნიშნული საპორტო ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში და ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი
ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად.
„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 25 იანვარს დატოვებს.